პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაცია მტკიცედ უჭირს მხარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას - პაპუაშვილი

საქართველო გამოხატავს მადლიერებას პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაციის მიმართ, ვისთანაც მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობა გვაკავშირებს. ორგანიზაცია მტკიცედ უჭირს მხარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მათი ხედვა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში ცალსახაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან, ზაქარიას და კოსტასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა აღმასრულებელ მდივანს მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მკაფიო პოზიციისთვის არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

„მადლობა მსურს მოვახსენო აღმასრულებელ მდივანს მასპინძლობისთვის. ვიცით, რომ არაჩვეულებრივად ართმევთ თავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის საკითხს და ამასთან, ბევრს შრომობთ არაღიარების პოლიტიკის გასატარებლად. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტი ორმხრივი ვიზიტი შედგება ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებაზე მუშაობას და ეს თანამშრომლობა საპარლამენტო ფორმატში მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. აღნიშნული, მათ შორის, ლუანდაში მუდმივმოქმედი სამდივნოს გახსნით იქნება დამოწმებული, სადაც საქართველოსაც, როგორც ასოცირებულ დამკვირვებელს, შეეძლება მონაწილეობის მიღება. პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელების კუთხით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.