საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო დროული და შინაარსობრივად მნიშვნელოვანი. ესპანეთი და პორტუგალია, მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ესპანეთის სამეფოსა და პორტუგალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, მხარდაჭერა, რომელიც შეხვედრებზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ გამოითქვა, უზრუნველყოფს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ.
„ორივე ქვეყანაში მხარდაჭერა მრავალჯერ მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთი, რომელიც მომავალი წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გახდეს, ამ გზაზე ჩვენი უპირობო მხარდამჭერი იქნება. ასევე პორტუგალია, რომელმაც თავადაც გრძელი გზა გაიარა, რომ გაწევრიანებულიყო ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.