ხარკოვში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 11. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ამ დროს შენობაში 33 ადამიანი იმყოფებოდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, შენობაში ცეცხლის გაჩენა ელექტროგამათბობელმა გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დაუყონებლივ გამოიძიონ ხანძრის მიზეზი.