საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაუარესებულია, ვიზუალურადაც ჩანს. ამის შესახებ ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სააკაშვილს 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, მას უჭირს საუბარი. შარშანდელთან შედარებით ვიზუალურად განსხვავებული იყო. მისი მდგომარეობა რომ გაუარესებულია ვიზუალურად ეტყობა. წონა მკვეთრად დაკარგული აქვს. როგორც ექიმებმა დამიდასტურეს, სულ წევს, ფეხზე არ დგება და არ ჯდება. ასევე, ცუდად იკვებება და ცოტას ჭამს. ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლა ოქტომბრიდან აქვს. ექიმები იხსენებენ შემთხვევას, როცა მასთან პროკურორი და მოსამართლე შევიდა, ამის შემდეგ ემოციურ ფონზე ვითარება დამძიმდა", - განაცხადა ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.