ნათია თურნავა: ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით

„ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, იმის მოლოდინი, რომ 1-ლი თებერვლიდან ცხოვრება პანდემიამდელ რეჟიმს დაუბრუნდება, არ უნდა იყოს.

„ჩვენც და საზოგადოებასაც არ ჰქონდა ამის მოლოდინი, არც არასდროს გვითქვამს, რომ 1-ლი თებერვლიდან ყველაფერი აღდგება და ცხოვრება დაუბრუნდება პანდემიამდელ რეჟიმს. ხომ გესმით, რომ ეს შეუძლებელია. პანდემია ჯერ არ დამარცხებულა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, ისე, რომ არ დავარღვიოთ ის პოზიტიური ტენდენცია ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის კლების, რაც დღეს გვაქვს. მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი აღდგება 2018-2019 წლის რეჟიმში, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს.

პირველი ნაბიჯები იდგმევა იმისთვის, რომ თუნდაც მარტში, როდესაც ჩვენ, თუ გვექნა დადებითობის მაჩვენებელი უფრო მისაღები, უფრო მიმზიდველი ქვეყანა გავხდეთ ვიზიტორისთვის, ესაც მნიშვნელოვანია. ფრენების აღდგენა ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება.

კომპანიებმა უნდა გათვალონ როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნეს გეგმა გააკეთონ. ასევე, დაიწყებენ შემოსვლას პირველი ჯგუფის ტურისტები, უფრო უსაფრთხო ქვეყნებიდან, ვაქცინაციის პირობების შესრულებით. ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ და მოგახსენებთ. ამ პირობებშიც კი შევძლებთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს“, - აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება.