თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით და აგრძელებს უკრაინისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენას.
თურქი დიპლომატის თქმით, ანკარა დგამს სხვადასხვა ნაბიჯს კონფლიქტის შესაჩერებლად და დაძაბულობის განსამუხტად.
როდესაც მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაში, ასევე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში, თურქეთის როლზე საუბრობდა, აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნაბიჯებისა, რომელსაც ანკარა დგამს.
„ასევე ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს კონფიდენციალურად“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
„არამხოლოდ უკრაინელები, არამედ მოლდოველები, ქართველები და სხვა პარტნიორებიც იხდიან ფასს. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ მოლდოვის პრემიერ-მინისტრს და მან გვითხრა, თუ რამდენად ზარალდება მოლდოვა მეზობელ ქვეყანაში ომის გამო. უბრალოდ დაგმობა პრობლემას ვერ გადაჭრის. სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უნდა ვიმოქმედოთ, სამართლიანი მშვიდობისთვის უკრაინისთვის. ეს არის ის, რის გაკეთებასაც თურქეთი ცდილობს“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.