ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი აშშ-საქართველოს შორის 5G-უსაფრთხოების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს კოორდინაცისა და ნდობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად თვლის. რას მოუტანს ეს საქართველოს და იქნება თუ არა ეს ინვესტიციების შემოტანის და NATO-სთან უფრო დაახლოების გარანტია? ამ საკითხის გარდა, Europetime-თან ინტერვიუში ბენ ჰოჯესმა ენტონი ბლინკენის გზავნილებიც შეაფასა იმის შესახებ, რომ ,,რუსეთი განსაკუთრებულად აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ. შეგვიძლია თუ არა მივიჩნიოთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს და დააჩქარებს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს? შეძლებს თუ არა საქართველო ღირსეულად უპასუხოს იმ დიდ გამოწვევებს და ფსონებსაც, რომელსაც მისი პარტნიორი ქვეყნები შესაძლებელია, მასზე დებდნენ? ამ საკითხებზე და ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში, Europetime ბენ ჰოჯესს ესაუბრა.
_ბატონო გენერალო, ხელი მოეწერა აშშ-საქართველოს შორის მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების განვითარების ანუ 5G-უსაფრთხოების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ითქვა, რომ ეს საქართველოს „სუფთა ქსელის ნაწილად“ აქცევს. რას მოუტანს ეს საქართველოს და იქნება თუ არა ეს ინვესტიციების შემოტანის და ნატოსთან უფრო დაახლოების გარანტია?
უსაფრთხო ქსელის ქონა, რომელსაც ჩვენ ვენდობით, მნიშვნელოვანია დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის, ასევე ნდობის განმტკიცებისთვის.
_ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოში DFC „განვითარების დაფინანსების კორპორაცია“ გახსნას გეგმავს, ასევე გამოითქვა ინიციატივა ამერიკა საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენის, ეს გულისხმობს თუ არა თუ არა ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებასაც და შეიძლება თუ არა ეს განვიხილოთ ერთგვარ გზავნილად, რომ ამერიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებში თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის?
DFC წარმოადგენს შედარებით ახალ პროგრესულ ნაბიჯს აშშ-ს მთავრობის მხრიდან, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო რესურსების მოზიდვას იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი რწმენით ინვესტიცია ხელს უწყობს სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ისევე როგორც ხალხის კეთილდღეობის ზრდას. ეს იქნებოდა ძალიან კარგი ნაბიჯი საქართველოსთვის აშშ-ს მხრიდან.
_ამერიკის ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა ის, რაც, თქვენ არაერთხელ გითქვამთ ჩვენთან ინტერვიუში,რომ ,,რუსეთი განსაკუთრებულად აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან, ანუ არ არიან გაერთიანებულნი უსაფრთხოების ერთიანი ქოლგის ქვეშ. ეს ჩანს იქედანაც, რატომ არ ესხმის რუსეთი ნატოს წევრებს’’ - ეს განცხადება შეგვიძლია თუ არა მივიჩნიოთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს და დააჩქარებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს?
რა თქმა უნდა ამის დიდი იმედი მაქვს! კარგი ნიშანი არის ის, რომ პრეზიდენტ ბაიდენის კანდიდატი - ჩვენი მომავალი სახელმწიფო მდივანი საკმაოდ მკაფიოდ საუბრობს ამის შესახებ და მე იმედს ვიტოვებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო აქტიურად და დაჟინებით იმოქმედებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისთვის. თუმცა, ამავე დროს ჩვენ გვჭირდება ძლიერი მხარდაჭერა გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მხრიდანაც. დადებითად უნდა შევაფასოთ იქ ფაქტიც, რომ თურქეთი უკვე მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას.
_მნიშვნელოვანია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვა და გეგმა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. ირანთან,სირიასთან,ავღანეთთან დაკავშირებით. დაუჭერს თუ არა მხარს ნატოს სამშვიდობო მისიების შემცირებას ან სრულად გამოყვანას ავღანეთიდან?
ამაზე დარწმუნებით ვერ გიპასუხებთ, თუმცა სამი რამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ: პირველი, ჩვენ არ უნდა გამოვიყვანოთ ჯარები ისე, რომ ავღანეთის მთავრობა დარჩეს დაუცველი; მეორე, აშშ-მ უნდა მოახერხოს თავისი ჯარების ფრთხილი და გეგმაზომიერი გაყვანა, ისე რომ იმოქმედოს მჭიდრო კოორდინაციაში ავღანეთში მყოფ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან - როგორც შემოვედით ერთად, ასევე უნდა გავიდეთ ერთად; და მესამე, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ავღანეთში, თუ სერიოზულად არ მივუდგებით პაკისტანის პრობლემას და მის ტოლერანტობას, რაც გულისხმობს თალიბანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სუვერენული პაკისტანის ტერიტორიაზე.
_სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა, მანამდე ის მოსკოვში გამართავს შეხვედრებს, თქვენი აზრით, რა საკითხთან დაკავშირებით შეიძლება სტუმრობდეს საქართველოს ასე მოულოდნელად ირანელი მაღალჩინოსანი?
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - აშშ-ს ჭირდება სტრატეგია მთლიანი შავი ზღვის უფრო დიდ რეგიონთან მიმართებაში, რომელიც ნათლად გვაჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას რეგიონში, მათ შორის სამხრეთ აჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. პირადად მე ვერაფერ დადებითს ვერ ვხედავ რეგიონში კრემლის და ირანის გაზრდილი ყურადღების და მყოფობის თვალსაზრისით.
_ნატოს წევრობისთვის მზადყოფნა პირველ რიგში გულისხმობს დემოკრატიის ხარისხს,კანონის უზენაესობას, ყველაფრის გათვალიწინებით, რაც ზემოთ ვახსენეთ, თუ არ მოხდა საქართველოში პროდასავლური ძალების კონსოლიდირება, ახალგზრდა კვალიფიციური კადრების წამოწევა, შეძლებს კი ქვეყანა ღირსეულად უპასუხოს იმ დიდ გამოწვევებს და ფსონებსაც, რომელსაც მისი პარტნიორი ქვეყნები შესაძლებელია, მასზე დებდნენ?
ეს მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. ჩემთვის გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ მთავრობა თითქოს ოდნავ „განუდგა“ მის ვალდებულებას დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მიმართ, ასევე ნატოში გაწევრიანების სურვილს, რაშიც კრემლის გავლენა აშკარად იგრძნობა. ხოლო რაც შეეხება ქართველ ახალგაზრდობას, ვერანაირი სიკეთის მომტანი მათთვის ვერ იქნება, თუკი საქართველოს მთავრობა აირჩევს გზას, რომელიც ქვეყანას დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაციისგან დააშორებს.