ხვალიდან კვირის ბოლომდე მელიქიშვილზე მანქანების მოძრაობა სრულად იზღუდება

ხვალიდან, 1 დეკემბრიდან, კვირის ბოლომდე თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. დეტალებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

"მიმდინარე კვირაში ასფალტის საფარის ბოლო ფენას დავაგებთ... მოძრაობა დაშვებული იქნება იმ სქემით, რომელიც გამზირის რეაბილიტაციის დასაწყისში იყო - ვარაზისხევზე მოძრაობა ორმხრივი იქნება, ჭავჭავაძის გამზირიდან წამოსული ავტომანქანები კი ვარაზისხევში ჩასვლას შეძლებენ. ეს იქნება დროებითი, რადგან კვირის ბოლოს საგზაო სამუშაოები მთლიანად დასრულდება", - თქვა თბილისის მერმა.

შეზღუდვების გამო:

  1. ჭავჭავაძისა და კეკელიძის ქუჩებიდან მანქანებს გადაადგილება შეეძლებათ ვარაზისხევის მიმართულებით, საიდანაც მოძრაობა ნებადართული იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის, ასევე, კოსტავას ქუჩის მიმართულებით;
  2. კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზსა და გმირთა მოედანს შორის არსებულ მონაკვეთზე, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით;
  3. თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზეც, ხოლო იაკობ ნიკოლაძის ქუჩიდან, ქუჩიშვილისა და ღამბაშიძის ქუჩების გავლით, კოსტავას ქუჩაზე;
  4. დროებით რუსთაველის გამზირიდან კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახვლედიანის, ქიაჩელისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჭოველიძის ქუჩასა და გმირთა მოედანზე ამსვლელ პანდუსზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით;
  5. ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები და ავტობუსები ვარაზისხევის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით;
  6. თამარ მეფის გამზირიდან და საბურთალოს მხრიდან ვაკისკენ მიმავალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გმირთა მოედნის პანდუსით, ვარაზისხევის ქუჩაზე გადაადგილდებიან.

თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ, ივნისში დაიწყო. ამის გამო პრობლემები იქმნება არა მხოლოდ საავტომობილო გზებზე, არამედ ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარებზეც.

გამზირის სრული რეაბილიტაციის პროცესში შეიცვალა გზის საფარი, მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, დაირგო ხეები და ბუჩქები.