სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიაწოდა.
ომბუდსმენის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქმის კურსში არიან და კონტაქტი აქვთ ექსპერტთა ორგანიზაციასთან.
"სალომე ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ და ინფორმაცია, რაც ვნახე ვივა მედში. მან მითხრა, რომ ის არის კონტაქტზე, მისი წარმომადგენლები ექსპერტთა ორგანიზაციასთან, ქალბატონი მაკა ჯიშკარიანის ორგანიზაციასთან საქმის კურსში არიან, თვალყურს ადევნებენ და მადლობა გადამიხადა მიწოდებული ინფორმაციისთვის", - თქვა, ნინო ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.