საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასს შეხვდა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ნაყოფიერი კავშირები.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და, ასევე, ქვეყნის ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ხელშეწყობით, საქართველოში ფუნქციონირებს მდგრადი ინსტიტუტები და ქვეყანა მტკიცედ დგას ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის გზაზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და გამოხატეს მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მზაობა.
შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა საქართველოს, როგორც ძირითადი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი.
ბერბელ ბასმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის წევრობისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.