იენს სტოლტენბერგი: საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ეს არის საქართველოს ძირითადი ამოცანა NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე

„საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ეს არის საქართველოს ძირითადი ამოცანა NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„პირველ რიგში, მივესალმები ამერიკის მიერ ვალდებულების აღებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერებაზე.

მე ვერ ვისაუბრებ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სახელით, თუმცა ვიცი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ტრანსატლანტიური კავშირების მხარდამჭერია, საქართველო კი ამ კავშირების ნაწილია. აშშ მრავალი წლის განმავლობაში აძლიერებდა პარტნიორობას და მხარს უჭერდა ნატოს გადაწყვეტილებებს, მათ შორის საქართველოს წევრობის საკითხზე.

ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ პანდემიის მიუხედავად, უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერება. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს დიალოგი, გასულ სექტემბერს შევხვდი პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა განგვეხილა შავი ზღვის უსაფრთხოება. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ გავაფართოვეთ არსებითი პაკეტი და გავაძლიერეთ პრაქტიკული თანამშრომლობა.

თბილისში გვაქვს ნატოს სამეკავშირეო ოფისი, ერთიანი წვრთნისა და შეფასების ცენტრში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საზღვაო მიმართულებით. ნატო მხარს უჭერს სანაპირო დაცვას და ველით ამ თანამშრომლობის გაძლიერებას. საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ეს არის საქართველოს ძირითადი ამოცანა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.