სტოლტენბერგი: NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის

„NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნშნა, საქართველო NATO-ს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.

მისივე თქმით, NATO განიხილავს საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერების კუთხით, რისი გაკეთება შეუძლიათ შემდგომში.

"საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. მიუხედავად Covid-19-ის გამოწვევებსა, NATO და საქართველო აგრძელებენ თანამშრომლობას. დღევანდელი NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გამოვიყენეთ იმაზე სამსჯელოდ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით შემდგომში. გასულ წელს ჩვენ გავაფართოვეთ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რაც საქართველოს ეხმარება გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და ერთობლივ უსაფრთხოებაში გააგრძელოს წვლილის შეტანა.

NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაიყვანოს ჯარები", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი: „რაც გადამწყვეტია, რადგან ის გვაახლოებს ერთიან მიზანთან, ნატოს წევრობასთან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.