გერმანია და ნორვეგია ერთობლივად სთხოვენ NATO-ს წევრებს, რომ წყალქვეშა ინფრასტრუქტურის - მილსადენებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის, ქვედანაყოფი შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა რუსეთის გაზსადენზე „ჩრდილოეთ ნაკადზე“ მომხდარი აფეთქება.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ შტერესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აფეთქება Nord Stream-ზე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ესკალაციის ფონზე, ევროპაში გათბობის სეზონის დაწყების წინა დღეს პირველ ოქტომბერს და პოლონეთში ალტერნატიული წყალქვეშა გაზსადენის გახსნის წინა დღეს მოხდა.
შვედეთისა და დანიის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ რამდენიმე აფეთქებას რუსულ მილსადენებზე, რომლებიც წყალქვეშ 26 სექტემბერს მოხდა.
Nord Stream 1 და Nord Stream 2 მილსადენები, რომლებიც განკუთვნილია რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის, ერთდროულად ოთხ ადგილას დაზიანდა.
ამ მომენტში გაზის მიწოდება არ ხდება ამ მილსადენების მეშვეობით (რუსეთმა გათიშა Nord Stream-1, გერმანიამ კი არ დაუშვა Nord Stream-2-ის ექსპლუატაციაში გაშვება), მაგრამ მილები ივსებოდა ტექნიკური გაზით.
ნოემბერში დანიის პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ დაზიანებულ მილებზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს.