ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს, არც წამიკითხავს, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით სერგენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ერთადერთი ფაქტორი, რაც ამ ადამიანის ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის, ეს არის ამ საკითხის პოლიტიკური ანგაჟმენტი, როდესაც არ აცდიან ექიმებს. ექიმები ჩუმად არიან და კლინიკურ მედიცინაზე ლაპარაკობენ ადვოკატები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი.
ერთადერთი დამაბრკოლებელი, რამაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობას, ეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ასეთი პერმანენტული და პერსისტირებული პოლიტიზირება. ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს და არც კი გამიგონია, არც კი წამიკითხავს, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს. ეს ბევრად სწრაფად ხდება ხოლმე. ოღონდ აცადონ ამ ექიმებს მუშაობა, ადგილობრივებსაც და ჩამოსულებსაც“, - განაცხადა დავით სერგენკომ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.