საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მის შვილთან დაკავშირებით იურიდიული კომპანია დაიქირავა.
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია დავიქირავე. იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ის დიაგნოზები, რომლებიც ისედაც გვქონდა ჩვენი სპეციალისტებისგან, მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.