ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

სასამართლომ დაადგინა:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) დარღვევა.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ თითოეულ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 2,000 ევრო (ევრო) არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და მესამე მომჩივანს 9,812.86 ევრო სხვა დანახარჯებისთვის.

„სასამართლოს განმარტებით, „წინამდებარე საქმეში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, როგორია რეალურად საქართველოში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომლითაც ნებადართულია პირის სქესის/სქესის ნიშნის შეცვლა სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერებში (სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 78-ე მუხლის „ზ“ პუნქტი), კანონი დუმს იმ მოთხოვნებთან და წინაპირობებთან დაკავშირებით (მათ შორის, სამედიცინო სახის), რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ განხორციელდეს გენდერის სამართლებრივი აღიარება“.

იქვე, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა არის სახელმწიფოს და ეროვნული სასამართლოების მხრიდან პასუხგაუცემელი კითხვა: რა სამედიცინო პროცედურების ჩატარება იყო საჭირო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის", - განმარტეს საიაში.


განმცხადებლების თქმით, ევროპულ სასამართლოს მიმართეს იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოში საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის მიეღწიათ და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერი მათი გენდერული იდენტობის შესაბამისად შეეცვალათ.

ევროპულ სასამართლოში ორი განმცხადებლის[1] საქმეს ა. დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ №57864/17 და ა. კ. საქართველოს წინააღმდეგ №79087/17 პარტნიორ ორგანიზაციასთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG აწარმოებდა[2], ხოლო მესამეს - ნიკოლო ღვინიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ №55353/19, ასევე, EHRAC-თან თანამშრომლობით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)[3].

სამივე განმცხადებელი თავს ტრანს კაცად აიდენტიფიცირებს და მათი სოციალური როლი კაცია. განმცხადებლებს სხვადასხვა სახის, საქართველოს რეალობაში ხელმისაწვდომი, ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურებიც აქვთ ჩატარებული და მდედრობითი სქესისთვის დამახასითებელი სახელებიც შეცვლილი აქვთ მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სახელებით.

განმცხადებლებმა გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის 2014-2015 წლებში მიმართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვეს ჩანაწერის ცვლილება. სამინისტროს დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული უარი კი სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ მათი არგუმენტები და წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა და საქმის განხილვა ორი ინსტანციის სასამართლოში წარუმატებლად დასრულდა. ამავე დროს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არცერთი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

ა. დ.-ს და ა. კ.-ს საქმეები სტრასბურგის სასამართლოში 2017 წელს, ხოლო ნიკოლო ღვინიაშვილის საქმე - 2019 წელს გაიგზავნა. განმცხადებლები დავობდნენ მათ მიმართ ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-3 (არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე.