23 იანვრის 00:01 საათიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით შემსვლელმა მგზავრებმა, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, თან უნდა იქონიონ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხიც, - ნათქვამია ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის - საქართველოდან ნიდერლანდებში შემომსვლელ ტრანზიტულ მგზავრებზეც.
PCR ტესტის და სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან, სხვა კატეგორიებთან ერთად, თავისუფლდებიან დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები.
23 იანვრის 00:01 საათიდან ევროკავშირის არაწევრი (მესამე) ქვეყნებიდან ნიდერლანდებში შესვლა ასევე აღარ შეეძლებათ სტუდენტებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებსა და კულტურული და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს.
ნიდერლანდების მთავრობა აცნობიერებს, რომ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში სწრაფი ტესტის გაკეთება აეროპორტების უმრავლესობაში დაკავშირებულია დიდი სირთულეებთან. აქედან გამომდინარე, მთავრობა იმედოვნებს, რომ ორმაგი ტესტის მოთხოვნა შეამცირებს ნიდერლანდებში შემომავალი მგზავრების რაოდენობას.
გარდა ამისა, ნიდერლანდების მთავრობამ აკრძალა ფრენები შემდეგი ქვეყნებიდან: გაერთიანებული სამეფო, არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, კაბო ვერდე, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ფრანგული გვინეა, გაიანა, პანამა, პარაგვაი, პერუ, სამხრეთ აფრიკა, სურინამი, ურუგვაი და ვენესუელა.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნიდერლანდების მთავრობის ვებგვერდზე:" -ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.