მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს რაიმე სახის მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და იმედი აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების, - ამის შესახებ განცხადებას გიული ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველანაირი სპეკულაცია ვნებს სააკაშვილის ჯანმრთელობას.
„გვინდა ნათლად და გასაგებად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც მიშას მტრად მიიჩნევს.
ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში და გაანალიზდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებოდნენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ყველას მოვუწოდებ თავის შეკავებისკენ, როგორც პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან, ასევე მიხეილ სააკაშვილს გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან.
აქ წყდება საქართველოს პრეზიდენტის, სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ყველას ვთხოვ, მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს.
გთხოვთ, პატივი სცეთ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ღირსებას,” - განაცხადა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.