იენს სტოლტენბერგი: პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას

„პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას. ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას, კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, NATO არ არის კონფლიქტის მხარე

„ჩვენ არ ჩავერთებით პუტინის ომში. ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას თავდაცვის უფლებით, რაც გაეროს წესდებაშია დაცული. მე მივესალმები გერმანიის წამყვან როლს.
გერმანია იმ მოკავშირეებს შორისაა, რომლებიც უკრაინას ყველაზე მეტ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. გერმანიის მიერ მოწოდებული სამხედრო აღჭურვილობა იცავს უკრაინის სახლებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან.

გერმანული იარაღი სიცოცხლეს გადაარჩენს. NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, შეინარჩუნონ ჩვენი მხარდაჭერა, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში გერმანიის ხელმძღვანელობა გადამწყვეტია.