ბელგიამ საზღვარგარეთ არასავალდებულო მოგზაურობები 1-ელ მარტამდე აკრძალა

COVID-19-ის გავრცელების გამო, ბელგიის მთავრობამ საზღვარგარეთ არასავალდებულო მოგზაურობები 1-ელ მარტამდე აკრძალა. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა. ინფორმაციას lci.fr-იავრცელებს.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, დაბრკოლება შევუქმნათ კორონავირუსის იმპორტირებულ შემთხვევებს. 27 იანვრიდან გასართობი და ტურისტული ხასიათის მოგზაურობებზე დროებით აკრძალვას ვაწესებთ. აღნიშნული ზომა 1-ელ მარტამდე იმოქმედებს“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოგზაურობაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა ასევე შეეხება ევროკავშირის შიგნით გადაადგილებას. დაშვებული იქნება აუცილებელი ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოგზაურობა, თუმცა დაბრუნებისთანავე 10-დღიანი კარანტინის გავლა იქნება საჭირო.