საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი უწყებაში რეორგანიზაციის შესახებ საუბრობს მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორაციას მისი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ.
სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის წერილობით კომენტარში აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია 2022 წლის სექტემბერში გამოცხადდა და ამ პროცესის შესახებ თანამშრომლები ინფორმირებულნი იყვნენ.
„[რეორგანიზაციის] მიზეზი გახდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე რიგი სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების საჭიროება, მათი გამსხვილება დეპარტამენტიდან დირექტორატის ფორმატში, რამაც მოითხოვა შესაბამისი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია.
მათ შორის ცვლილება შეეხო დეპარტამენტს, სადაც საქმიანობდა ჩვენი კოლეგა ნატა ქორიძე. კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის აღსრულება არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება, სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, აღნიშნულმა ცვილილებამ გამოიწვია აქამდე დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, მათ შორის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციის გაუქმება.
დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ეცნობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს კანონით დადგენილ ვადებში. მათ შორის ნატა ქორიძეს გაფრთხილება სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მიუვიდა კანონით დადგენილ ვადებში და ასევე ეცნობა რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში.
ნატა ქორიძე პოლიტიკური პარტია „გირჩის-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლეა. პოლიტიკოსი ხსენებულ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.
დღესვე, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ წევრს გიორგი ვოლსკის.
„თუ მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რასაკვირველია, არ შეიძლება იგი უზიარებდეს ამ ინფორმაციას ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღე და მგონია, რომ სწორედ ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურა ჯაფარიძე. მაგრამ გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს რეალობა, მე არ ვიცი.
ეტყობა რაღაც მიზეზი იყო ამისათვის. არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ასეთი პიროვნების წარმომადგენელი მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან არის წვდომა“, - განუცხადა მედიას ვოლსკიმ.