საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მისი ოფისი აქტიურად აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და უფლებების დაცვის საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც აყენებს.
კითხვაზე, რამდენად ხედავს საკმარის მიზეზებს იმისთვის, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იქნას გადაყვანილი ან სასჯელი გადავადდეს, ელჩი აცხადებს, რომ სააკაშვილის მომავალი სასამართლოს გადასაწყვეტია.
„როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით. კომუნიკაცია გვაქვს მის ოჯახთან. ჩვენ ასევე ვაყენებთ მისი უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია, რომ მისი უფლებები სრულად იყოს დაცული და რა თქმა უნდა, სასამართლოს გადასაწყვეტია მისი მომავალი“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.