ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სამედიცინო დასკვის/დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გადაიდგას სათანადო ნაბიჯები, რომლებიც მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დავისათვის არის მნიშვნელოვანი.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მჭიდრო მონიტორინგს ვაგრძელებთ. ჯერჯერობით ვეცნობით სამედიცინო დასკვნას, რომელიც ახლახან გახდა საჯარო. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. მისი უფლებები უნდა იყოს დაცული“, - აღნიშნა ელჩმა.
ელჩის განცხადებით, მთავარია, ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მისი ოფისი აქტიურად აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და უფლებების დაცვის საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც აყენებს.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.