სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რაც შეეხება ჩვენ შეფასებას, ამ წუთას რაც შემიძლია გითხრათ იმის გამო, რომ ბევრ რამეზე ვერ ვსაუბრობ, რადგანაც ჯერ თანხმობა არ მაქვს, ჩემი კონსილიუმის შეფასებით, ეს მდგომარეობა სრულად შეესაბამება იმ პროგნოზს, რასაც ისინი აკეთებდნენ გაზაფხულზე, რომ მდგომარეობა ბევრი მიმართულებით კიდევ უფრო დამძიმდებოდა.
არსებული სიტუაცია სრულად შეესაბამება იმ ნეგატიურ პროგნოზს, რაც ჩვენი ექიმების მიერ გაკეთდა და მათი შეფასებით, თუ ასე გაგრძელდა ეს მდგომარეობა დამძიმდება და ძალიან პრობლემური იქნება. კონკრეტულად, რა იქნება ჩვენი პოზიცია, შეესაბამება თუ არა არსებული მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება თუ გადავადებას ამაზე ვმსჯელობთ და თუ გადავწყვეტთ გვექნება ჩვენი საჯარო პოზიცია", - აცხადებს ლომჯარია.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.