ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია, მოდის სახლის კამპანიის Gift Shop-ის ფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა.
ფოტოსესიისას ბავშვები გადაიღეს სათამაშო დათუნიებთან ერთად, რომლებსაც BDSM აქსესუარები ეკეთათ. ასევე, ფოტოსესიაზე ჩანდა ღვინის ჭიქები და სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას ეხებოდა. კრიტიკის შემდეგ მოდის სახლმა კამპანიის ფოტოები წაშალა.
„მინდა, პირადად ბოდიში მოვიხადო საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორად შერჩევისთვის, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამაზე. მიუღებელი იყო ბავშვების ჩართვა იმ საგნების დემონსტრირებაში, რომლებსაც მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
ხანდახან მიყვარს საზოგადოების პროვოცირება ჩემი ნამუშევრებით, მაგრამ არასდროს დამიკავშირებია ისეთ საშინელებასთან, როგორიცაა ბავშვზე ძალადობა. მე ვგმობ ამას. წერტილი.
უნდა ვისწავლო ამ სიტუაციიდან, მოვუსმინო და დავიწყო ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან მუშაობა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიყენო.
ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც განაწყენებულია კამპანიის ვიზუალით. Balenciaga გარანტიას იძლევა, რომ მივიღებთ ზომებს არა მხოლოდ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს აღარ განმეორდეს, არამედ ბავშვების კეთილდღეობაზეც მაქსიმალურად ვიზრუნებთ“,- წერს დემნა გვასალია Instagram-ზე.
„რამდენიმე დღეა, Balenciaga მოდის სახლის ირგვლივ კრიტიკა არ ცხრება. ბრენდმა საბავშვო მოდელებითა და საკამათო აქსესუარებით სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რისთვისაც ბავშვთა პორნოგრაფიისა და პედოფილიის გამართლებაში ბრალდებები მიიღო“, - წერს მედია.