საქართველო პირველ ქართულ-აზერბაიჯანულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს

ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

სამართლებრივი ფორუმის მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრების მოადგილეები; სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები.

ფორუმზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება, სერვისების დიგიტალიზაცია, პენიტენციური და პრობაციის სისტემების გაძლიერება, სამართლებრივი ურთიერთდახმარება; განიხილავენ კონკრეტულ ინიციატივებსა და მიმართულებებს სამომავლო თანამშრომლობისათვის. სამართლებრივი ფორუმი იმ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებს შორის გასულ წელს ვენეციაში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, დაიწყო.

მიმდინარე წლის მარტში, რატი ბრეგაძის ბაქოში ვიზიტისას, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის, რომელიც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ყოველწლიური ერთობლივი სამართლებრივი ფორუმის გამართვას ითვალისწინებს.