ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გერმანიის სრული მხარდაჭერა გვაქვს - პაპუაშვილი

ჩვენ გვაქვს გერმანიის სრული მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და იმ მნიშვნელოვან გზავნილებს გაუსვა ხაზი, რაც მაღალი დონის შეხვედრებისას გამოიკვეთა.

„ევროკავშირის გაფართოების პროცესს გერმანია უყურებს როგორც შედეგზე ორიენტირებულს და არა პროცესს პროცესისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატობის და შემდეგ, მოლაპარაკებების ბოლოს, აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრობა. გერმანია ხედავს ევროკავშირს ლისაბონიდან თბილისამდე. ეს ხედვა არის პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილი. გაფართოების მიზანიც უნდა იყოს, რომ ეს სივრცე იქნას მოცული ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ბევრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იყო არასწორი და უმჯობესი იქნებოდა საქართველოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, როგორც ქვეყანა, რომელიც რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას უზრუნველყოფს.

„საქართველო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ისწრაფვის ევროკავშირში, არამედ როგორც ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას. საქართველოს როლი რეგიონში და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით არის მნიშვნელოვანი. ამავე დროს, საქართველო, რომელიც მდებარეობს შუა დერეფანში ევროპასა და აზიას შორის, ენერგომატარებლების მიწოდების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროკავშირის ენერგო დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.