ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მიხედვით, რომელსაც ხელს პროფესორი დევიდ სმიტი აწერს, სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა გამოვლინდა, - ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომლის შინაარსს „მთავარი არხი" ავრცელებს.
„გამოკვლევამ გამოავლინა მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში. ეს ნივთიერებები სააკაშვილის ორგანიზმში ვერ მოხვდებოდა, ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის შედეგად“, - აღნიშნულია დასკვნაში.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.