გიორგი გახარია კამალა ჰარისს: თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, რომ ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კამალა ჰარისს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს.

ოფიციალურ მილოცვაში მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ძალა და სიმტკიცე.

„ძვირფასო ვიცე-პრეზიდენტო ჰარის, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას. თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, დღეს ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა.

2020 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ძალა და სიმტკიცე. აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის წყალობით, საქართველომ, შედარებით ახალგაზრდა დემოკრატიისთვის, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა სახელისუფლებლო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დემოკრატიული რეფორმების გატარება, კარგი მმართველობის პრაქტიკის და კანონის უზენაესობის განმტკიცება იქნება საქართველოს ახლად არჩეული მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტები“, - ნათქვამია ოფიციალურ მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საქართველო რეგიონსა თუ მის საზღვრებს გარეთ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული და მტკიცე მოკავშირეა.

„ჩვენი ერები იზიარებენ საერთო პრინციპებს, იდეალებსა და სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ და მტკიცე მოკავშირეს რეგიონსა თუ მის საზღვრებს გარეთ. ბოლო ათწლეულებში საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ავანგარდში იმყოფება, დგას რა ამერიკელი მებრძოლების გვერდით მსოფლიოს ცხელ წერტილებში. საქართველო ამაყობს ღირებული პარტნიორის სტატუსით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.

თითქმის სამი ათწლეულის წინ ყოფილი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, ჩვენი პარტნიორობა გადაიზარდა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ძლიერ ალიანსში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას, რისთვისაც გავაღრმავებთ თანამშრომლობას არაერთ სფეროში, დაწყებული თავდაცვითა და უსაფრთხოებით, დამთავრებული ვაჭრობითა და ეკონომიკით.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პირადი ერთგულება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაფართოების მიმართ. გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების გზების განხილვის მიზნით. იმედითა და ოპტიმიზმით შევყურებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი თავის დაწყებას“, - ნათქვამია გიორგი გახარიას ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გაეგზავნა.