„ქართული ოცნების” ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.
ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში, რომლის ჯანმრთელობა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაუარესდა. ამასთან, აქციაზე შეკრებილებს მოუწოდეს სააკაშვილის სასამართლო პროცესისთვის მომზადებისკენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პროცესის ჩანიშვნის შემდეგ, უფრო მეტად მობილიზდებიან, რათა მხარი დაუჭირონ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.