აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველების უმეტესობას სურს, რუსეთმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია.
მისივე თქმით, „საქართველოს ინტერესებში არ შედის ძლიერი რუსეთი, მაშინ როცა რუსეთს საქართველოს ორი დიდი ტერიტორია აქვს ოკუპირებული“.
„სამწუხაროდ, ჩვენ ექსტრემიზმის მომატებას პოლიტიკაში მთელ მსოფლიოში ვხედავთ. ვფიქრობ, მთავარია დავრჩეთ იმაზე კონცენტრირებული, რის გაკეთებასაც ვცდილობთ. ეს არის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დადებითი ურთიერთობის შენარჩუნება, ქართველი ხალხის სურვილების აღიარება და მათი მხარდაჭერა დემოკრატიისკენ სწრაფვაში და იმ ექსტრემისტების მიერ ჩვენი ყურადღების გაფანტვის არდაშვება, რომლებიც სწორედ ამას ცდილობენ.
ასევე [მნიშვნელოვანია] ის, შევახსენოთ ქართველ ხალხს, რომ ასეთ დისკუსიებს სარგებელი მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს და საქართველოს ინტერესებში არ შედის. საქართველოს ინტერესებში არ შედის ძლიერი რუსეთი, მაშინ როცა რუსეთს საქართველოს ორი დიდი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. ქართველების უმეტესობას სურს, რუსეთმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ასე რომ ნებისმიერი რამ, რასაც ვაკეთებთ და რაც აძლიერებს პუტინს და რუსეთს, არ ეხმარება არც საქართველოს, არც შეერთებულ შტატებს და არც დასავლეთს“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.