ჯიმ რიში: ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა თავისუფალი ხალხი, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას რა უნდა გააკეთოს საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. 

„თქვენ მკითხეთ რა უნდა გააკეთონ? ნახეთ... ეს არ არის სარაკეტო მეცნიერება. თუ, მათ სურთ გახდნენ ევროპული ქვეყნების ჯგუფის წევრი, ამისთვის საჭიროა თავისუფალი ხალხი, რომელსაც აქვს წვდომა ისეთ თავისუფლებებზე, როგორიცაა პრესის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება... რაც მთავარია, და, რაც ქვეყანას ძალიან სჭირდება არის დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა.

უნდა გქონდეთ კანონის უზენაესობა, უნდა გქონდეთ დამოუკიდებელი სასამართლო, უნდა გყავდეთ საზოგადოება, რომელიც აკვირდება იმას, რაც ხდება და ამბობს, რომ აი, ნახეთ, ეს არის ჩვენი კანონები, ეს არის სასამართლო, რომელიც მათ იცავს. ასევე, არ უნდა გქონდეთ კორუფცია. და თუ ისინი ამას გააკეთებენ, არავინ იქნება ჩემზე ბედნიერი, რომ ისინი ევროკავშირში გაწევრიანდნენ და დიდ წარმატებას მიაღწიონ“, - განაცხადა ჯიმ რიშმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.