საქართველოს ინტერესებში არ შედის ძლიერი რუსეთი, მაშინ როცა რუსეთს საქართველოს ორი დიდი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, - ამის შესახებ აშშ-ის სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველების უმეტესობას სურს, რუსეთმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია.
„ასევე [მნიშვნელოვანია] ის, შევახსენოთ ქართველ ხალხს, რომ ასეთ დისკუსიებს სარგებელი მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს და საქართველოს ინტერესებში არ შედის. საქართველოს ინტერესებში არ შედის ძლიერი რუსეთი, მაშინ როცა რუსეთს საქართველოს ორი დიდი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. ქართველების უმეტესობას სურს, რუსეთმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ასე რომ ნებისმიერი რამ, რასაც ვაკეთებთ და რაც აძლიერებს პუტინს და რუსეთს, არ ეხმარება არც საქართველოს, არც შეერთებულ შტატებს და არც დასავლეთს“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.