ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე.
„დღეს არის ომი უკრაინაში, ჩვენ უნდა ვილოცოთ მშვიდობისათვის, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, არიან მხარეები სიმართლისთვის მოწოდებულნი? ომს ჰყავს დამარცხებული და გამარჯვებული. რომელიმე ძალას იქ დამარცხება უნდა?!
ჩვენ გვინდა მშვიდობა და ჩვენ გვინდა სამართლიანობა ამავე დროს. უკრაინა ერთ გოჯს არ დათმობს რაღაცის სანაცვლოდ და რომ შესთავაზო, არათუ შეურაცხყოფილები დარჩებიან, არამედ მტრად ჩათვლიან ყველას და სამართლიანი იქნება.
რუსეთს გააჩერებს რამე? ერთი რამეც არის, ძალიან დიდი ტერიტორიაა უკრაინის და უბრალოდ, აოხრება გაგრძელდება, თორემ უკრაინას ომი როგორ უნდა მოუგო, როცა ასეთი დახმარება მოდის?! ევროპა უძლურია, ევროპას შეუძლია, ჩვენნაირ ქვეყნებზე იქონიოს რაღაც ზემოქმედება, თორემ ამერიკა რომ არ ჩარეულიყო, აქამდე შეიძლება, სახსენებელიც აღარ დარჩენილიყო უკრაინის.
მაგრამ შეხედეთ, როგორი სიტუაციაა, ქვეყანას სუვერენიტეტი აღარ გააჩნია, რომ არ შედიოდეს ფული, საიდანაც ხელფასებს უხდიან და შეიერაღება რომ არ შედიოდეს, სადაც გმირი უკრაინელები იბრძვიან. თორემ რუსი და უკრაინელი ერთნაირად ძლიერია ომში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა და აქვე კითხვას სვამს, სადამდე გაგრძელდება ომი.
„ალბათ ამას აღარც რუსეთს შეეკითხებიან და აღარც უკრაინას...რომ რუსეთი დაუძლურდეს, ეკონომიკურად უძლურებაში წავიდეს... ევროპამ იმდენი გააკეთა, რომ ფლირტით და რევერანსებით მივიღეთ ეს საშინელი ომი, ფულს რატომ იხდიან, იარაღს რატომ აწვდიან, იმიტომ, რომ ომი მათზე არ გავრცელდეს, რუსეთიც ფულს შოულობს...შეკვეთებს იღებენ სხვა ქვეყნები... იქნება უკრაინა თავისუფალი ომის მერე, თუ ისევე გაიყოფა, როგორც გერმანია თავის დროზე, სადაც ერთგან სხვა გავლენები იყო, მეორეგან სხვა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.