ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტების მთავარი მიზანია პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს წინსვლაზე საუბარი, ახსნა, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია დაკმაყოფილდეს, რომ ჩვენთვის იმედგაცრუება იყო როდესაც ივნისში სტატუსის მონიჭება არ მოხდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტს ჰოლანდიასა და ლუქსემბურგში აგრძელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი.
მისივე თქმით, არსებობს საერთო პოზიცია, რომ ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არასწორად იქნა მიღებული და მასპინძელი ქვეყნები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერას გამოხატავენ.
"ვაგრძელებთ ვიზიტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის შემდეგ, ჩვენ გვექნება შეხვედრები ნიდერლანდებში და ლუქსემბურგში. ვიზიტების მთავარი მიზანია პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს წინსვლაზე საუბარი, ახსნა, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია დაკმაყოფილდეს, რომ ჩვენთვის იმედგაცრუება იყო როდესაც ივნისში სტატუსის მონიჭება არ მოხდა. აქ უკვე არის თანხმობა, რომ ეს არ იყო მართებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს ჩვენი პარტნიორებისგან. ნიდერლანდებში გვექნება შეხვედრები პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებთან, ასევე ევროჯასტის პრეზიდენტთან. გვექნება საჯარო დისკუსია, დისკუსიები პოლიტოლოგებთან ერთად.
ჩვენ, საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს.
რამდენიმე კანონი უკვე მიღებულია. წლის ბოლომდე კიდევ გვექნება შესაძლებლობა რამდენიმე დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები მივიღოთ. შემდეგ უკვე ჯერი ევროკავშირზე იქნება, რომ მოახდინოს სამართლიანი შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ",- განაცხადა პაპუაშვილმა.