სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული - ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სრული რეალიზებისთვის სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს.

„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც იცით, უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ.

სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, როგორც ამ კონკრეტული მსჯავრდებულისთვის, ასევე, ყველა სხვა იმ პირისთვის, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება, ასე გაგრძელდება შემდეგშიც“, - განაცხადა ბრეგაძემ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად იყო აქამდე გამოხატული ინტერესი რაც შეეხება უშალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცულობას. ამის კონკრეტული მაგალითია, როცა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, იმის ნაცვლად, მოეწოდებინათ შიმშილობის შეწყვეტისკენ, გარკვეულ ტელეარხებზე პირდაპირ მოუწოდებდნენ იმას, რომ შიმშილობის შეწყვეტა პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი იქნებოდა და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა და ცდილობდნენ, რომ ეს გმირულ საქციელთან გაეიგივებინათ, რაც ყოვლად მიუღებელი იყო. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოშიმშილე ადამიანს არ მოუწოდებს შიმშილობის შეწყვეტისაკენ, მორალთან ძალიან მწყრალად არის და ნამდვილად მეპარება ეჭვი იმაში, ადამიანი, რომელიც მოშიმშილეს პირიქით ეუბნება, რომ შიმშილობა გააგრძელოს, ის გულწრფელად იყოს დაინტერესებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ სურდეს. რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც არსებობს მორალი, არსებობს წითელი ხაზები და ეს ყველამ უნდა დაიცვას, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ნაბიჯები მაინც იდგმება და ირღვევა ეს წითელი ხაზები, ადამიანური და მორალური“, - განაცხადა ბრეგაძემ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.