პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ყველანაირ დახმარებას ვუწევთ უკრაინას. ახლა აუცილებელია, რომ უკრაინამ თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში კვლავ დიდი თავდასხმებია რუსეთის მხრიდან უკრაინაზე, არის დაბომბვის ფაქტები, როგორც ვხედავთ, უკრაინა დიდ წინააღმდეგობას უწევს.
რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, უნდა შეაჩეროს ეს ომი. ვიცით, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომელიც მან დაიპყრო არამარტო უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებში. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება ეს საკითხი. იმედია, რომ რუსეთი დამარცხდება და დააბრუნებს ამ ტერიტორიებს.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში საქართველო სტატუსს მიიღებს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ასევე, შევა NATO-ში. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ამ მისწრაფებებს და კვლავ მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს“, - განაცხადა ანდჯეი დუდამ.