ზელენსკიმ და მონტენეგროს პრემიერმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ზელენსკი პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ესაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებები მთელ მსოფლიოში გაიგებენ, რომ შეუძლებელია სიკეთისა და ბოროტების დაბალანსება, ბოროტებას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან მოუწოდა მონტენეგროს პარლამენტს, შეუერთდეს სხვა ქვეყნების პარლამენტებს და აღიარონ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.

ზელენსკიმ უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო დარტყმის შესახებაც ისაუბრა, რამაც მისი თქმით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ აპირებს, შეაჩეროს თავისი აგრესიული ქმედებები.