უკრაინული მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
კასიანოვის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს ის დღეს პირადად დააყენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულ სამუშაო შეხვედრაზე.
„მე პირადად არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დავაყენებ.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“,- განაცხადა კასიანოვმა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.