„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის“. ამით მან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრი კასიანოვის განცხადებებს უპასუხა.
„კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე. ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და იმისათვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. მან თქვა მთავარი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით წინა დღეების განმავლობაში და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ირონიულად უდგებოდა ამ საკითხს.
კასიანოვმა პირდაპირ თქვა, რომ მათ უნდათ საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში.
რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ და არ არის, ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას. როდესაც რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ უნდა მიაწოდოს სამხედრო ტექნიკა უკრაინას, ხომ გესმით, რომ განსაკუთრებული მოლოდინი იარაღის, სამხედრო მასალისა თუ ტექნიკის მოწოდების მათ საქართველოს მხრიდან არ გააჩნიათ.
ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს, როგორც მხარე სამხედრო, შეიარაღებულ კონფლიქტში. დანარჩენი, რაც კასიანოვმა ილაპარაკა მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო.
მთავარი სათქმელი და მიზანი იყო ის, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს მხარედ მაშინ, როდესაც 30 000-ზე მეტ დევნილს იფარებს, მაშინ, როდესაც პირველი იყო საქართველო, რომელმაც უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, საქართველო არის 400-ზე მეტი დოკუმენტის ხელმომწერი თუ თანაავტორი, მათ შორის იმ დოკუმენტების, რომელიც შეეხება ჰააგას და სამხედრო ტრიბუნალს რუსეთის წინააღმდეგ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება უკრაინისთვის გენერატორების მიწოდების საკითხს, მდინარაძემ ამასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა.
„ეს თემა პირველად მესმის და ამას გავარკვევ, მაგრამ ეს არის მეორეხარისხოვანი თემა. მთავარი არის პირდაპირი მოთხოვნა, რაც გაახმოვანა კასიანოვმა, რომ საქართველო ჩაერთოს მხარედ, დანარჩენი დეტალებია, რაშიც პრობლემა არ არის რეალურად, თუკი ჰუმანიტარულ დახმარებას, პოლიტიკურ დახმარებას უწევს მაქსიმუმს, არც აქ იქნება პრობლემა, დამერწმუნეთ“.