უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დენის შმიგალმა განაცხადა.
„მადლობელი ვარ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ნატალია გავრილიცას ვიზიტის გამო. მოლდოვასა და უკრაინას შორის მუდმივი კომუნიკაცია გვაძლიერებს... ჩვენ შევთანხმდით, ვითანამშრომლოთ საჰაერო თავდაცვის საკითხებში, გავაუმჯობესოთ საზღვრის კონტროლი და მხარი დავუჭიროთ თანამშრომლობასა და დიალოგს მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“, - განაცხადა შმიგალმა.
მისივე თქმით, კოლეგასთან შეხვედრისას მიღწეულია არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება.
„კერძოდ, უკრაინა და მოლდოვა გააგრძელებენ ადმინისტრაციული და პროცედურული ბარიერების მოხსნას ადამიანებისა და ტვირთის თავისუფალი გადაადგილებისთვის; მოსალოდნელია ხელშეკრულების გაფორმება საერთო საზღვარზე საგზაო ხიდის მშენებლობაზე 2023 წლის შუა რიცხვებისთვის; ასევე, უკრაინა-მოლდოვა-რუმინეთის დიალოგის ფორმატის გააქტიურება; ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნა უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციისთვის“.