არსებობს მოლოდინი, რომ დეკემბერ-იანვარში გრიპის შემთხვევები მოიმატებს,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება.
„ძალიან ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს. ეს არის - გრიპი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და კორონავირუსი. სამივე ვირუსის მოსახლეობაზე ზემოქმედება მარტო საქართველოს რეალობა არ არის.
სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება. ბრონქიოლიტიც ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით არის გამოწვეული და ძირითადად 2 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება.
დროული მიმართვიანობის შემთხვევაში, დაავადება მართვადია. წლამდე ასაკის ბავშვი ნებისმიერ ვირუსის დროს მაღალ რისკს განეკუთვნება და საავადმყოფოში უნდა იმართოს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.