ევროპარლამენტარები:  მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს - მათ საშუალება უნდა მივცეთ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ ვაქცინაცია

"მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს - მათ საშუალება უნდა მივცეთ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ ვაქცინაცია", - ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისა და ევროკომისარ სტელა კირიაკიდესს მიმართავენ.

„ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, ვაღიარებთ და მადლობას ვუხდით კომისიის ხელმძღვანელობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყნების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოფისკენ. ეს არის თანამშრომლობის ის მაგალითი, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ერთიანობისა და სამომავლოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საერთო საჭიროებების მოგვარების სიმბოლო. ასევე, მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ განცხადებას ვაქცინის გაზიარების მექანიზმის შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ევროკავშირის მიერ მიღებული ვაქცინები პარტნიორ ქვეყნებს გავუზიაროთ.

ეს განცხადება, გარკვეულწილად, ეხება იმ შეშფოთებას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებობს. ღრმად ვართ შეშფოთებული იმით, რომ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების უმრავლესობა მხოლოდ COVAX - მექანიზმს ეყრდნობა. ეს კი, არ იქნება საკმარისი მათი მოსახლეობის იმუნიზაციისთვის. მეტიც, COVAX-მექანიზმი მხოლოდ გაზაფხულზე გულისხმობს ვაქცინაციას, რაც მნიშვნელოვანი ინტერვალია, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან შედარებით.

ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორი ლოდინს ერიდება და განიხილავს ან უკვე იწყებს რუსული და ჩინური ვაქცინების გამოყენებას. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ვაქცინების ეფექტურობისა და იმის შესახებ, შეესაბამებიან თუ არა ისინი რეალიზაციის ნებართვისთვის საჭირო კრიტერიუმებს. ეჭვგარეშეა, რომ ამ ვაქცინებით მომარაგებას, რუსეთი და ჩინეთი გამოიყენებენ თავიანთი გავლენის გასაზრდელად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ეს კი, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, შეარყევს ევროკავშირის ბევრად უფრო ძლიერ მხარდაჭერას.

ჩვენი პოზიცია ემთხვევა ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამოქვეყნებულ წერილში გამოთქმულ პოზიციას, რომლითაც 2021 წლის 6 იანვარს მოგმართეს. მოგიწოდებთ, არ განასხვავოთ ჩვენი უშუალო მეზობლები აღმოსავლეთსა და სამხრეთში და COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მოგიწოდებთ, მოამზადოთ დეტალური გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება, როდის და რამდენ ვაქცინას უნდა ელოდონ ჩვენი პარტნიორები. დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო ვაქცინების დონაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. ჩვენ, მსგავსად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფრონტის წინა ხაზზე მყოფი მუშაკებისა და მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაციას. ჩვენს მეზობლებს საშუალება უნდა მივცეთ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ ამ ჯგუფების ვაქცინაცია. მეტიც, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში იმუნიზაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარალელურად მოხდეს“ - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, დანიისა და ლატვიის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ.