შინაგან საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს განმარტავს მიზეზს, რის გამოც უგულავამ სახელმწიფო საზღვარი ვერ გადალახა.
სამინისტროში აცხადებენ, შსს-ს ბაზაში არ იყო ასახული განახლებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიგი უგულავას მიმართ გაუქმდა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულება და ასევე გირაო, რომელიც მას 2019 წლის 12 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა.
განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი.
„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2 000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. „ფონდების“ საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა საპატიმრო სასჯელი, ხოლო აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე.
პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი.
ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ განცხადებას გიგი უგულავა გამოეხმაურა. უგულავას თქმით, საქართველოში ან პოლიტიკური ნიშნით ზღუდავენ გადაადგილებას, ან უწყებებს შორის კომუნიკაციის არქონით, მის შემთხვევაში კი ორივე მათგანი მოხდა.
უგულავამ აღნიშნა, რომ მსგავსად პუტინის რუსეთი იქცევა და ყოველწლიურად ხელისუფლება სულ უფრო მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს.
„სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ნიშნით შეიძლება ან გადაადგილება შეგიზღუდონ, ან გადაადგილება შეგიზღუდონ იმიტომ, რომ უწყებებს შორის კომუნიკაცია არ არის, ან ორივე ერთად. ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე, პოლიტიკური ნიშნითაც ხდება შეზღუდვა და შემდეგ ყველაფრის ამის ახსნა ხდება, როგორც განცხადებიდან მოვისმინეთ, ტექნიკური მიზეზებით და უწყებრივი გადაბრალებით. წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც დილის 6 საათზე მიდის აეროპორტში, აქვს ბილეთი, ჩაბარებული აქვს ბარგი, არ უშვებენ და შემდეგ ასეთ ახსნებს ეუბნებიან. ასე შუშის თვალებით, დამცინავად, მათ შორის ფინასური ზიანის მიყენებით და ა.შ, იქცევა პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი ხელისუფლება სულ უფრო მეტად და მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს“, - განაცხადა უგულავამ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მას ქვეყნის დატოვების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს. როგორც უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამთენიისას ჯერ უკრაინაში, შემდეგ ევროპაში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა აეროპორტში, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. უგულავა ამბობს, რომ მას სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს. მან შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა აეხსნათ, აქვს თუ არა, მას რაიმე სახის შეზღუდვა დაწესებული.