რუსი დეპუტატი განმარტავს, რატომ უნდა ჩანაცვლდეს სკოლებში ინგლისური ენა ჩინურით და სხვა "მეგობრული ქვეყნების" ენებით

რუსეთის ფედერაციაში სკოლის მოსწავლეებმა, პროგრამის ფარგლებში უნდა ისწავლონ მოსკოვისთვის „მეგობრული“ ქვეყნების ენები, მაგალითად ჩინური.

ეს განცხადება დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის წევრმა ბიისულთან ხამზაევმა მედიასთან გააკეთა.

„ძირითადად დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელია ჩინური ენის ინტეგრირება სასკოლო სასწავლო გეგმაში“, - თქვა ხამზაევმა.


კიდევ ორი ​​ენა, რომელიც, დეპუტატის თქმით, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, არის არაბული და ესპანური.

სასკოლო ენის პროგრამის გადასინჯვის მიზეზი შესაძლოა, „მსოფლიოში არსებული ვითარება გახდეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ შეიქმნა“.

ხამზაევის თქმით, დასავლეთის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, რომლებმაც დაგმეს ომი, ჩინეთი და არაბული ქვეყნები უფრო ღია გახდნენ რუსეთისთვის.

„თქვენ ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. აღმოსავლეთში, რუსეთის პოზიცია, პატივისცემა და რეიტინგი მხოლოდ იზრდება. ნორმალურ ადამიანებს ესმით, რომ რუსეთი დღეს იცავს საკუთარ ინტერესებს ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით.

ამიტომ, როგორც არაბული ქვეყნები, ისე მთლიანად აღმოსავლეთი ახლა ღიაა რუსეთისთვის. ჩვენი ამოცანაა ვისარგებლოთ ამით. არის დიდი ფული, დიდი რესურსები, დიდი შესაძლებლობები. ეს ერთად მისცემს ჩვენს ქვეყანას უმაღლესი ხარისხის ეფექტს“, - დარწმუნებულია პარლამენტარი.

რუსული სკოლების კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე ჩინურის ჩაბარება 2019 წლიდან შეუძლიათ. ბოლო მონაცემებით, რუსეთში ჩინურ ენას ასწავლიდნენ 168 საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2020 და 2021 წლებში, ჩინურმა პოპულარობით ესპანურს გადაუსწრო, რომლის ერთიანი სახელმწიფო გამოცდა 2003 წლიდან არსებობს.

2021/2022 სასწავლო წელს ჩინური 13 000-ზე მეტმა ბავშვმა შეისწავლა.