მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ცნობების გამო, ძალიან შეშფოთებულები ვართ - ევროკავშირის ელჩი

რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ცნობების გამო, ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ ცნობების გამო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს კავშირი მის ოჯახთან, მის ადვოკატებთან და რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული და რასაკვირველია, მისი მომავალი საქართველოს სასამართლოს გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ელჩმა.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.