პიტერ სტანო: საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე

ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო Twitter-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.

„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლო შემაშფოთებელ ცნობებს.

საქართველოს  ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - წერს პიტერ სტანო სოციალურ ქსელში. 


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.