თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების დივერსიფიკაციას გეგმავენ

თურქმენეთი და აზერბაიჯანი ევროპის მიმართულებით, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებულ სქემას მხარს უჭერენ.

ამის შესახებ 7 დეკემბერს თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აშხაბადში ვიზიტით ჩავიდა.

მისი თქმით, ამ დროისთვის თურქმენეთსა და აზერბაიჯანს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ.

გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის შეფასებით, გამორჩეული მოვლენა იყო 2021 წლის იანვარში თურქმენეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა. (კასპიის ზღვაში დოსტლუკის საბადოს ნახშირწყალბადების რესურსების ერთობლივი განვითარების შესახებ).

ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთსა და აზერბაიჯანს აქვთ თანამშრომლობის მყარი პოტენციალი, რაც ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს ხსნის.