სომხეთი „ტრამპის მარშრუტში“ ყაზახეთის მონაწილეობას განიხილავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 27 აგვისტოს დაადასტურა, რომ ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტში ყაზახეთის მონაწილეობას განიხილავს.


ფაშინიანის განცხადებით, პროექტში მესამე ქვეყნების მონაწილეობა შესაძლებელია აშშ-სა და სომხეთის თანხმობით. მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანა პროექტში მონაწილეობით არის დაინტერესებული და ამ საკითხზე კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები უნდა განიხილონ.


მედიის ინფორმაციით, ერევანი ყაზახეთსა და ყირგიზეთს TRIPP-ის განვითარების კომპანიაში სომხეთის კუთვნილი წილიდან თითოეულს 5%-ის გადაცემას სთავაზობს. ამ ეტაპზე სომხეთის წილი კომპანიაში 26% უნდა იყოს, ხოლო აშშ-ის — 74%.


ამასთან, ყაზახეთის მიერ აღნიშნული წილის შეძენისა და პროექტში ოფიციალურად შესვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.


სომხური Yerevan Today 24 აგვისტოს წერდა, რომ ფაშინიანმა რუსეთს მოუწოდა, სომხეთის რკინიგზის მართვის უფლება მესამე ქვეყანას გადასცეს, რომელიც მისაღები იქნება როგორც ერევნისთვის, ისე მოსკოვისთვის. გარდაა ამისა, ყირგიზული გამოცემა მიხედვით, რომ ტოყაევმა და ფაშინიანმა განიხილეს ყაზახეთის მიერ სომხეთის რკინიგზის ქსელის მართვის რუსეთის რკინიგზისგან (RZhD) გადაბარების შესაძლებლობა. 


ეს სტრატეგიული ობიექტი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ახალი საგარეო პოლიტიკის კონცეფციის მნიშვნელოვანი ელემენტია. 24 აგვისტოს სომხეთის პარლამენტში, მთავრობის 2026-31 წლების სამოქმედო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რკინიგზაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები „საერთაშორისო ინვესტორებს“ აფრთხობს და უბიძგებს, უარი თქვან სომხეთის სარკინიგზო ქსელის სატრანზიტო მიზნებისთვის გამოყენებაზე, რადგან რკინიგზა რუსეთის კონტროლქვეშაა.


საუბარია სომხეთის რკინიგზის ორ მონაკვეთზე, რომლებიც სომხეთს აზერბაიჯანთან და თურქეთთან აკავშირებს. სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული.


„იმის გამო, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის კონტროლქვეშაა, ახლა ვდგავართ იმის რისკის წინაშე, რომ დავკარგოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ სომხეთი საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში ინტეგრირდეს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ისტორიული შესაძლებლობის დაკარგვა. ვთხოვთ ჩვენს რუს პარტნიორებს, გამოიჩინონ მოქნილობა და მართვის უფლება მიჰყიდონ მესამე ქვეყანას, რომელიც მისაღები იქნება როგორც სომხეთისთვის, ისე რუსეთისთვის,“ - განაცხადა ფაშინიანმა.


თუმცა მოსკოვი უარს აცხადებს სომხეთის რკინიგზის დათმობაზე და დასავლეთს „სომხეთიდან რუსეთის გაძევების წახალისებაში“ სდებს ბრალს.


26 აგვისტოს მოსკოვმა კვლავ უარით უპასუხა ერევნის მოწოდებას, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სამართავად დაუბრუნოს ან „მესამე, ნეიტრალურ მხარეს“ გადასცეს „სომხეთის რკინიგზა.“


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ „ერევნის არგუმენტებსა და რეალობას შორის სრული შეუსაბამობაა.“


„ამ საკითხზე ყველა განმარტება სხვადასხვა დონეზე უკვე იქნა წარმოდგენილი,“ - განუცხადა სამინისტროს პრესცენტრმა რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიმეორა პოზიცია, რომ ფაშინიანი რკინიგზაზე რუსეთის ადმინისტრირების მოშორებას „დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის გამო ცდილობს“ — ძალების, რომლებიც „სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნით არიან დაინტერესებული.“


სომხეთის სარკინიგზო ქსელს „რუსეთის რკინიგზა“ მართავს.

სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული — ხელშეკრულება 2008 წელს 30 წლის ვადით დაიდო.