ევროკავშირი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სამართლიანობის მიღწევა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია

„სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების სათანადო შესრულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაქვეყნა ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის სარჩელზე 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებული კონფლიქტის და მისი შედეგების შესახებ.

გადაწყვეტილებაში მოცემულია მკაფიო დასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ „სამხრეთ ოსეთსა“ და ოკუპირებულ აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლი დაარღვია.

სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების სათანადო შესრულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირი სრულ მზაობას გამოხატავს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას, რისთვისაც ასევე საჭიროა ძალისხმევა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელად, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევისა და ადგილზე გადამწყვეტი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის განცხადებებთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის გარკვეულმა ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ დაარღვია კონვენცია, ორ სახელმწიფოს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.